"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ'' - 2008 წლის აგვისტოს ომის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა ევროპული კონვენციის რვა მუხლი, რომელშიც საქართველო ოკუპანტ ქვეყანას ადანაშაულებს.
საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და ომის შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია - სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება; საკუთრების დაცვისა და მიმოსვლის უფლება.
სასამართლომ ასევე პასუხი უნდა გასცეს კითხვებს - რამდენად ექცევა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივი დარღვევები და რამდენად ექცევა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებში.
იუსტიციის მინისრტის მოადგილე ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მერ წარდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ ომის დროს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია.
"გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება საქართველოს დიდი გამარჯვება. ამ ოპტიმიზმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს პირველ რიგში ის გარემოება, რომ ამ საქმეში სიმართლე საქართველოს მხარეს არის და რა თქმა უნდა ის არა ერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც საქართველომ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა, რითაც დგინდება, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ აღდგეს საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებები და საქართველო ამ სამართლებრივ შეფასებას, სასმართლოს გადაწყვეტილებას გამოიყენებს სხვა სამართლებრივ პოცედურებშიც", - თქვა ბექა ძამაშვილმა
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ძლიერი პოზიციებიდან და სიმართლიდან გამომდინარე საქართველო ამ საქმეს მოიგებს.
"იუსტიციის სამინისტროს და სხვა უწყების წარმომადგრნლების ძალისხმევის შედეგად ასეულობით ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ საქმეზე, სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ძლიერი პოზიციებიდან და სიმართლიდან გამომდინარე მოვიგებთ. თუ ჩვენ მივიღებთ გამარჯვების გადაწყვეტილება ხვალ ეს იქნება პირველი პრეცედენტი, რომ საქართველომ ხელთ დაიჭირა სამართლებრივი დოკუმენტი თავისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ", - ამბობს თეა წულუკიანი
განხილვა თბილისის დროით 2 საათზე დაიწყება.