დაუსჯელი პოლიციელი - 3 თვის წინ მომხდარ ავარიას 15 წლის გოგო ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

სოფელი ვაზისუბანი, 3 ნოემბერი. საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში, ცენტრალურ მაგისტრალზე ორი გოგონა მოპედით მოძრაობდა, შებინდებულზე დები სასეირნოდ გამოვიდნენ, იმ დღეს სოფელში ძლიერი ნისლი იყო. მოპედის საჭესთან სალომე მთვარელიშვილი იჯდა, გოგოს მართვა ახალი ნასწავლი ჰქონდა და სწრაფად არ მოძრაობდა, თუმცა, საღამოს გასეირნება მოზარდი დებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მოპედზე მსხდომ გოგონებს სოფელ ვაზისუბნის მაგისტრალზე მსუბუქი მანქანა დაეჯახა. მოპედის 2 მგზავრიდან ერთი-სალომე მთვარელიშვილი ადგილზე დაიღუპა, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო რომ სასწრაფოს დახმარების ჯგუფის მისვლამდე ახალგაზრდა გოგოს გულმა მუშაობა შეწყვიტა, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა და ხერხემალი. დიდი სისწრაფით მიმავალ შკოდას ფირმის ავტომანქანას, რომელიც მოპედს შეეჯახა, პოლიციის თანამშრომელი მართავდა, საჭესთან კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სასამართველოს გამომძიებელი იჯდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ რობერტ მანუჩარაშვილი სამსახურეობრივ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. პოლიციის თანამშრომელი ავარიის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისმა კოლეგებმა მიაბრუნეს.

ამ უმძიმეს ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ყავს, სოფელ ვაზისუბანში ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომელი დიდი სისწრაფით მოძრაობდა, რის გამოც მანქანის გაჩერება ვერ მოასწრო და 15 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა, თავად პოლიციის თანამშრომელი ახლა სახლში იმყოფება, რამდენიმე დღიანი პატიმრობის შემდეგ რობერტ მანუჩარაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რობერტ მანუჩარაშვილის ავტოავარიის გახსენება არ სურს, "მთავარი არხის" გამოჩენამ მის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის მაღალჩინოსანი გააღიზიანა. უმძიმეს დანაშაულში მონაწილე სამართალდამცავის პატიმრობა სასამართლომ აუცილებლობად არ მიიჩნია დარბაზიდან გაუშვა. კახეთის პოლიციის თანამშრომელი როგორც ჩანს მისმა სამსახურეობრივმა სტატუსმა გადაარჩინა. სამართალდამცავს მფარველები გამოუჩნდნენ.

ვინ მფარველობს კახეთის პოლიციაში სამართალდამცავს რომელმაც 15 წლის სალომე მთვარელიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, უწყებაში "მთავარ არხთან" საუბარი არ სურთ. გარდაცვლილი გოგონას ოჯახიც დუმს. ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის მამა ჩუმლაყის ერთერთი ტაძრის წინამძღვარია, დეკანოზ გრიგოლს ტრაგედიის გახსენება არ სურს, სასულიერო პირი იყო ერთადერთი, რომელმაც თქვა რომ დამნაშავე პოლიციელის მიმართ საჩივარს არ შეიტანდა. დეკანოზი გრიგოლი ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამბობს, რომ შვილის მკვლელის დასჯას არ ითხოვს.

ის რაც ერთი სასულიერო პირის ოჯახისათვის დიდ ტრაგედიის მიზეზი გახდა სასამართლოსთვის საკმარისი გარემოება არ აღმოჩნდა, პოლიციის თანამშრომელი პატიმრობაში დაეტოვებინათ. რობერტ მანუჩარაშვილი ახლა თავისუფალია, ის დროებით სამსახურში არ დადის, თუმცა, დანაშაულის მონაწილე ერთადერთი პირი ისევ თავისუფლად გადაადგილდება მანქანით. 

თანასოფლელები ამბობენ, რომ მისთვის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მანქანით სიარული უცხო არ არის და პოლიციელი ხშირად მართავს საჭეს მთვრალი. პოლიციელის სტატუსი კი ამ უმძიმეს დანაშაულში მისთვის ერთგვარი იმუნიტეტი აღმოჩნდა.    

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი