პირველი არხის ათვისებული მილიონები - მაუწყებელში მემკვიდრეობით გადაცემული კორუფციული სქემა

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2020 წლიდან საიდანაც უნდა მაუწყებლობდეს იქ მხოლოდ ნანგრევებია. მშენებლობისთვის პირველი კაფსულა მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ ჩაიდო. უკონტროლოდ და არა ეფექტურად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დახარჯული 250 მილიონზე მეტი, ვასილ მაღლაფერიძის 3 წლიანი მმართველობის შედეგია.

2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მეტი არ იქნებოდა 2019 წლისთვის, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა, დაპირება არ შეასრულა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისგან დაპირება და გეგმები დიდი იყო, თუმცა, გვაქვს 15-ის ნაცვლად, 5%-მდე გაზრდილი რეიტინგი, ისიც მეგაშოუების ხარჯზე.

ბექა ხუცურაული წლების განმავლობაში აკვირდება ტელეკომპანიების რეიტინგებს და ამბობს, რომ დღევანდელ გამოწვევებს საზოგადობრივი მაუწყებელი ვერ პასუხობს და საზოგადოებას სწორედ ამიტომ - ეს სახელისუფლებო არხად მიაჩნია.

ვასილ მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ხელისუფლების ნაწილია, ეს დაპირებას აცდენილი რეიტინგის გარდა დაფინანსებიდანაც ჩანს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ყოველწლიურად მზარდი დაფინანსება ასეთია 2019 წელს 93%-ით გაიზარდა და დაფინანსებამ 51 მილიონ ლარი შეადგინა. 2020 წელს 62 მილიონი, 2021 წლის ბიუჯეტი 82 მილიონი ლარი. როგორ ნაწილდებოდა ეს ბიუჯეტი, უცნობია. მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი აბსურდული სქემის კონკრეტულ ფაქტს იხსენებს.

ვასილ მაღლაფერიძემ შეასრულა ერთი, მხოლოდ საკუთარი თავის და გარემოცვისთვის, ეფექტურად აითვისა 3 წლის ბიუჯეტი და ბანკებიდან აღებული სესხი 120 მილიონი.  

ბიუჯეტის ათვისების სქემა არახალი და კარგად გამოცდილია. გამოცხადებული ტენდერებითა და კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული პირობებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ოფისის ასაშენებელი 47 მილიონიანი ტენდერი კომპანია "დაგიმ" მოიგო, რომელიც არაერთხელ არის "ქართულ ოცნებასთან" ახლო კავშირებში მხილებული. "ოცნება" და ვასილ მაღლაფერიძე  50-მდე მილიონს სხვას, ვინ ანდობდა თუ არა ახლობელ კომპანიას, მაგრამ ამ კომპანიასთან ურთიერთობისთვის და კონსულტაციებისთვის კიდევ უფრო ახლობელი, "სი ემ სი" ჯგუფი შეარჩია, რომელსაც ისევ ბიუჯეტიდან 2.5 მილიონი ლარი გადაუხადა.

მაშინ, როცა ახალ შენობის აშენებას და გადასვლას აანონსებდა პარალელურად კოსტავას გამზირზე ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავდა არსებული შენობის რემონტზე.

ამ სქემით შეიძინა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 50 მილიონ ლარზე მეტის ტექნიკა ჯერ კიდევ აუშენებლი ახალი ოფისისთვის. "მთავარ არხს" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კადრს მიღმა უყვებიან, რომ ნაწილი საერთოდ გაფუჭებული ან გამოუსადეგარია, ასეთია თითქმის 6 მილიონ ლარად შეძენილი ტექნიკა გერმანული კომპნაია "ბროდქასთ სოლუშენისგან", ასეთი შემთხვევები კი ბოლო წლებში შეძენილი ტექნიკაში ხშირია. სამაგიეროდ, ტენდერის დროს უარი უთხრეს კომპანიას, რომელსაც უკეთესი პირობები და დაბალი ფასი ჰქონდა.

რატომ დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება უცნობია. კითხვების დასმა ვცადეთ, თუმცა, ვასილ მაღლაფერიძემ არც სახლში, არც სამსახურში ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

მივწერეთ წერილი, როგორ ნაწილდება ბიუჯეტი და როგორ ფინანსდება პროგრამები. წერილზე პასუხს რამდენიმე კვირა უშედეგოდ ველოდეთ. ინტერვიუზე არ დაგვთანხმდნენ, არც მაუწყებლის დღევანდელი მმართველები და ბორდის წევრები. 

მედია ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბევრ პრობლემაზე, მთავარი კი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება სრულად აცდენილია მის იდეას, საზოგადოების ინფორმირებას და მორგებულია ჩინოვნიკის სურვილებს.

ვასილ მაღლაფერიძე მრავალი შეუსრულებელი განცხადების მერე 1 წლით დაგვიანებით 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა. ახლა უკვე დეკლარირებულად "ქართული ოცნების" იდეოლოგთა სიას შეურთდა მემკვიდრედ და ვერ მოსწრებული კორუფციული სქემების გასაგრძელებლად, მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი დატოვა, რომელიც სამოტივაციო წერილშივე აზუსტებს, რომ ღირსეულად გააგრძელებს, წინამორბედი ხელმძღვანელის გზას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი