ორი წელია, ლევან თევზაძეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა უნდა. უვადო ისედაცაა, მაგრამ ერთი საფეხურით ქვემოთ, ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა. სასამართლოს მკვლევართა ნაწილი მას ამ სფეროს გავლენიანი კლანის ერთგულ წევრს უწოდებს და მცდელობას, გახდეს უზენაესის მოსამართლე, ამ კლანის ჩანაფიქრად მიიჩნევს. თუმცა, ლევან თევზაძემ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჯერ მიზანს ვერა და ვერ მიაღწია.
პირველი მცდელობა - ეს ბრძოლა მან 2019 წელს დაიწყო, როდესაც უზენაეს სასამართლოში 20 ვაკანტურ ადგილზე 136 სხვა მსურველთან ერთად იუსტიციის საბჭოში შეიტანა განაცხადი. გასაუბრების დროს გამოიკვეთა გარემოება, რაც სულ თან სდევს და უშლის ხელს, გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ეს ხელის შემშლელი გარემოება მისი კავშირებია მის გამომცდელებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან:
პირველივე გასაუბრებაზე გაირკვა, რომ საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია მისი დის ქმარია: კრიტიკის მიუხედავად, არც სიძემ აიცილა ცოლის ძმა და არც ლევან თევზაძემ დის ქმარი.
ირაკლი შენგელია ბოლომდე გამოსაცდელ ოთახში დარჩა. სიძე-ცოლის-ძმის ეს ამბავი ეუთო-ოდირის კრიტიკულ ანგარიშში მოხვდა.
ყველაფრის მიუხედავად, საბჭომ თევზაძე მეორე ტურში გადაიყვანა. შემდეგი ეტაპი იურიდიულ კომიტეტში მოსმენა იყო. ზუსტად არავინ იცის რატომ, მაგრამ ლევან თევზაძემ კომიტეტში მისვლამდე საკუთარი განცხადება გაავრცელა და კანდიდატურა მოხსნა:
თევზაძის მეორე მცდელობა - ერთ თვეში ერთი კარიდან გასულმა ლევან თევზაძემ უზენაეს სასამართლოში მეორე კარიდან შესვლა სცადა.
უზენაესის მოსამართლეს ვასილ როინიშვილს ათწლიანი ვადა უმთავრდებოდა. მის ადგილზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე ლევან თევზაძემ განცხადება შეიტანა. საჯაროდ არაფერი უთქვამს, რა შეიცვალა ამჯერად, რატომ არ მიაყენებდა მისი კანდიდატურა ჩრდილს უზენაესის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცესს. თანაც გაირკვა, რომ დის ქმრის გარდა - საბჭოს კიდევ ორი წევრთან ზაზა ხარებავასთან და ირაკლი ბონდარეკოსთან მას ნათელ-მირონობა აკავშირებდა.
საბჭომ ამჯერადაც თევზაძე აირჩია და პარლამენტს მისი კანდიდატურა გადაუგზავნა, მაგრამ პარლამენტმა, მაშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებაზე დროებით უარი თქვა და ლევან თევზაძე ისევ უზენაესი სასამართლოს გარეთ დარჩა.
მცდელობა 3 - გავიდა კიდევ რამდენიმე თვე. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ადგილებზე ისევ ახალი ვაკანსიები გაჩნდა. ლევან თევზაძემ კიდევ ერთხელ სცადა ბედი.
რიგით მესამე გასაუბრება თევზაძეს სხვა დღეს უწევდა, მაგრამ, მოულოდნელად განრიგი შეიცვალა და ლევან თევზაძე საბჭოს გასაუბრებაზე პარასკევს ნაშუადღევს დაიბარეს. ამ ფაქტმა საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკა გამოიწვია:
რა შეცვალა მას შემდეგ, რაც ლევან თევზაძემ პირველად თავად მოხსნა კანდიდატურა სასამართლოს იმიჯის გადასარჩენად. მესამედაც ცდის დროა მას კვლავ ჰყავდა დის ქმარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც ამჯერად ოფიციალურად თქვა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე. მაგრამ ლევან თევზაძეს ისევ ჰყავს საბჭოში ნათელ-მირონით დაკავშირებული ორი წევრი და გაირკვა, რომ დაემატა მესამეც - ანა დოლიძის ადგილზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული თამარ ღვამიჩავაც მისი სიძის ნათესავია. თავად თამარ ღვამიჩავამ ნათესაური კავშირი დაადასტურა, მაგრამ იქვე დაამატა მიზეზი, როს გამოც ამ ფაქტს პრობლემად არ მიიჩნევს.
საბოლოოდ საბჭომ ეს ნათესაური კავშირი პრობლემად არ მიიჩნია და ლევან თევზაძის მოსმენა არსებული შემადგენლობით განაგრძო.
მთელს ამ ისტორიაში უცნაური ერთი რამ არის. თუ ლევან თევზაძე კლანის წევრია, მაშინ, რატომ მოუწია მას ამდენი წვალება, რატომ ვერა და ვერ მიაღწია აქამდე საწადელს, რატომ ვერ გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე?
მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდად არც იმას აქვს მნიშვნელობა, ეყოლება თუ არა თევზაძეს საბჭოში ახლო ნათესავები. მთავარი მაინც კლანის გადაწყვეტილებაა.
თუ ლევან თევზაძე ამჯერად მაინც გახდება უზენაესის მოსამართლე, ინტერესთა კონფლიქტის ახალი რისკი გაჩნდება. ახლა ის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარეა, მისი დის ქმარი ირაკლი შენგელია სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე.
თუ ლევან თევზაძე უზენაეს სასამართოლოში სამოქალაქო პალატაში გადაინაცვლებს, დის ქმარის მიერ განხილული და გასაჩივრებული საქმეები მისკენ მიემართება. თანაც, თავად თევზაძე თანახმაა უზენაესში სამოქალაქო საქმეები ჩაიბაროს:
როგორც ჩანს ლევან თევზაძეს კიდევ ერთი გეგმა აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ მას მესამე კარიდანაც მოაბრუნებენ. ახლა უზენაეს სასამართლოში ერთდროულად რამდენიმე კონკურსი მიმდინარეობს - რამდენიმე მოსამართლის ადგილის დასაკავებლად, ყველა ვაკანსიას თავისი დამოუკიდებელი პროცედურა და გასაუბრება აქვს. ამიტომ ლევან თევზაძემ მესამის გარდა მეოთხე ვაკანსიაზეც შეავსო განაცხადი და გასაუბრებაზე მალე ამ მეოთხე კარიდანაც შევა.