რთული გზა პრეზიდენტობამდე და ტრაგედიებით სავსე ცხოვრება - ჯო ბაიდენის ამერიკა

გამოქვეყნდა:

ჯი ბაიდენი ნახევარი საუკუნე ცდილობდა პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ იმედი ყველა ჯერზე უცრუვდებოდა. მარტივი ცხოვრება არ ქონია. მეტყველების დეფექტის გამო კათოლიკურ სკოლაში დასცინოდნენ. საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა. სარკის წინ, ჯიბის ელექტროფანრით ხელში, იეითსისა და ემერსონის ციტატებს იზეპირებდა. ბევრი იწვალა და სისუსტე დაძლია, ამ გამოწვევამ პირიქით გააძლიერა.

ცხოვრების მეთოდი - შეუპოვრობა გახდა. ბრძოლის გაგრძელება პოლიტიკაში გადაწყვიტა. 1972 წელს, მაშინ როდესაც არავინ იცნობდა დელავერის შტატის სენატორობა გადაწყვიტა და დიდი შრომის შედეგად გამოუვიდა. გამარჯვების შემდეგ, ერთ თვეში, ვაშინგტონში ახალ ოფისს აწყობდა, როდესაც ტელეფონმა დარეკა  - 29 წლის ბაიდენს შეატყობინეს, რომ მისი მეუღლე ნილია და 1 წლის ქალიშვილი - ნაომი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. მანქანაში ბაიდენის 2 მცირეწლოვანი ბიჭი ბო და ჰანთიც ისხდნენ. ისინი მძიმედ დაშავდნენ. მოტეხილი ხელები, ფეხები და ნეკნები. სენატორობის ფიცი ბაიდენმა საავადმყოფოს პალატაში დადო.

კრიზისი ისევ შეუპოვრობით დაძლია. სენატორობა არ იკმარა. როცა ბიჭები წამოიზარდნენ, მეორედ დაქორწინდა, ქალიშვილი შეეძინა, მიხვდა რომ პრეზიდენტობისთვის უკვე მზად იყო. თუმცა1987 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში შეცდომა დაუშვა. ბრიტანელი პოლიტიკოსის, ნილ კინოკის სიტყვები თავის თავს მოარგო და ამომრჩევლების წინაშე სხვისი ისტორიით წარსდგა. მიუხვდნენ. პლაგიატობაში დაადანაშაულეს და საპრეზიდენტო კამპანიის დატოვება მოუწია. ამას ისიც დაემატა, რომ თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და რამდენიმე ოპერაცია დაჭირდა. 2007 წელს ისევ სცადა პრეზიდენტობა. აქაც შეცდომა. ერთერთ გაზეთთან ინტერვიუში ბარაკ ობამა, როგორც მჭერმეტყველი, ჭკვიანი და სუფთა აფროამერიკელი, ასე დაახასიათა. ამომრჩევლებმა მიიჩნიეს, რომ ეს რასისტული განცხადება იყო. ბოდიში მოიხადა და თვეების მერე საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა. თუმცა, ობამამ ის არ ჩამოიშორა. ბაიდენს ჰქონდა ის, რაც არ ჰქონდა ობამას. გამოცდილება და ახლო კონტაქტები ამერიკის კონგრესში. ეს იყო ძალიან გულწრფელი პარტნიორობა. ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის ერთგული ბოლომდე დარჩა. თუმცა, ისევ ტრაგედია. ბაიდენს საამაყო ვაჟიშვილის, ერაყის ომის ვეტერანის, დელავერის შტატის მთავარი პროკურორის,  46 წლის ბო ბაიდენის დასაფლავება მოუწია. ბოს სიმსივნე ჰქონდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდოდა, მაგრამ გლოვის გამო ვერ შეძლო. ძალაუფლება ტრამპს დაუთმო. ალბათ ძალიან ინანა. ამიტომაც, როდესაც პოლარიზებულ ამერიკას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ის ისევ დაბრუნდა და გაიმარჯვა. ეს იყო მისი მცდელობის, გამოცდილების, ამბიციის, შეცდომებისა და დიდი შრომის კულმინაცია.

ბაიდენი პირველად თბილისში სენატორის რანგში, ჩვენთვის ყველაზე მძიმე დროს, აგვისტოს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა. კომუნიზმის დასრულების შემდეგ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და „მილიარდ დოლარიანი პაკეტის“ სახელით ცნობილი საქართველოს დახმარების ინიციატორი გახდა.

ამ დახმარების შედეგად საქართველოს ეკონომიკა დასტაბილურდა. მან ხელი შეუშალა პუტინს საქართველო ბოლომდე გაენადგურებინა. რაც მთავარია, ბაიდენს ამ საქციელით პოლიტიკური ქულები არ დაუწერია. მან ეს გააკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩათვალა - ასე იყო საჭირო. ასეთია ბაიდენი.

უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ბაიდენი საქართველოში მეორედ 2009 წელს ჩამოვიდა. გვერდში დგომისთვის მას საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ორდენი გადასცა.

მიხეილ სააკაშვილს ჯო ბაიდენი, მისმა მეგობარმა მაკკეინმა, ჯერ კიდევ პარლამენტარობის დროს გააცნო. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მასთან ბევრი მოგონება აკავშირებს.

ბარაკ ობამას ამ დროს პუტინი მასპინძლობდა. ამის საპირწონედ ამერიკის პრეზიდენტმა მისი მარჯვენა ხელი საქართველოში გამოუშვა. ადმინისტრაცია მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას იწყებდა.

მიუნხენის კონფერენციაზე, ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2015 წელს რუსეთზე გაბრაზებულმა ბაიდენმა აღიარა რომ გადატვირთვის პოლიტიკამ ვერ იმუშავა და ამაში რათქმაუნდა პუტინი დაადანაშაულა.

ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევის შედეგად ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპთან წააგო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკის ბევრი აკრიტიკებს, 2009 წელს ბაიდენმა ქართველებს ახსნა განმარტება მისცა.პარლამენტი ფეხზე წამოუდგა. სიტყვა მართლაც ემოციური იყო.  ამ და ბევრი სხვა ტექსტის დაწერაში მას მაშინ  სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი და ბაიდენის უახლოსი მრჩეველი - ტონი ბლინკენი დაეხმარა.

ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი, რომელიც რუსეთის მიმართ მუდამ კრიტიკულადაა განწყობილი, სამშაბათს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარსდგა. სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვაზე, როგორ გააგრძელებს ახალი ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ზეწოლას, ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის მიერ სხვადასხვა ფრონტზე შექმნილი გამოწვევები, გადაუდებელ ყურადღებას სჭიროებს და ეს საკითხი მომავალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში უმთავრესი იქნება.

შტატებში ერთი ადმინისტრაცია მეორეს ცვლიდა. უსულო პუტინი უცვლელი დარჩა. ამერიკულ-რუსულმა ურთიერთობებმა მძიმე გზა გაიარა. ახალ“გადატვირთვაზე” საუბარიც ზედმეტია. დასავლელი დიპლომატები ელიან, რომ ბაიდენის მომავალი ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებს. საქართველოს შიდა დემოკრატიის საკითხები კი მათთვის მნიშვნელოვანი იქნება. 

სანამ ჯო ბაიდენი საგარეო პოლიტიკას მიხედავს მას ქვეყნის შიგნით  ბევრი პრობლემა დახვდება. COVID-19, უმუშევრობა, რასობრივი უთანასწორობა, დაზარებული ეკონომიკა. ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს წინ გამოწვევებით სავსე წლები ელოდება.  

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი