ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ საკუთრ სამუშაო კაბინეტში დააკავა. მაღალჩინოსანს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.
ირკვევა რომ, გამგებლის მოადგილე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან, ერთერთს შპს "მშენებელი პლიუსი"-ს ლობირებს, სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ მოსთხოვა მეორე კომპანიის შპს "ჯი ელ გრუპ"- ის ხელმძღვანელს ტენდერში მონაწილეობა არ მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება. კომპანიის წარმომადგენელი მაღალჩინოსნის მოთხოვნას არ დათანხმდა.
კომპანია "მშენებელი +", რომ მერიის ფავორიტია, ამას ადასტურებს ის ფაქტიც რომ, 2013 წლიდან დღემდე კომპანიას მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან ჯამში 4 მილიონ 800 ათასი ლარის ხელშეკრულება აქვს მოგებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი დოკუმენტების მიხედვით ლევან რაზმაძეა, თუმცა,
მისი ოჯახის წევრები "მთავართან" ყვებიან, რომ რაზმაძე წილის მხოლოდ ფორმალური მფლობელია და სინამდვილეში ის - მის ბიძას ეკუთვნის. რაზმაძის ახლობლებმა არც კომპანიის მერიის მაღალჩინოსნებთან დაახლოების შესახებ იციან რამე.
საკუთარი მოადგილის კორუფციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ფლობას უარყოფენ ჩუღურეთის რაიონის გამგეობაშიც და დედაქალაქის მერიაშიც. ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე განმარტავს, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც მისი მოადგილე საკუთარ სამუშაო კაბინეტში დააკავეს, თავად გამგებელი ჯერ საგამოძიებო უწყებიდან არავის გამოუკითხავს.
ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ე.წ ატკატები და კორუფციული გარიგებები "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მერის და გამგეობების მაღალჩინოსნების საქმიანობაში უცხო არ არის. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ კორუფციული გარიგებები ჩუღურეთის გარდა, მთაწმინდის და დიდუბის გამგეობებშიც ხდება და მაღალჩინოსნები ფავორიტ კომპანიებს ტენდერებს მიზანმიმართულად აგებინებენ.