ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს, ლავრენტი გოგსაძეს, სასამართლომ აღკევთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მაღალჩინოსანს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. გოგსაძე აღიარებს, რომ კომპანია ჯი ელ გრუპის წარმომადგენელს ტენდერში მონაწილეობაზე უარის თქმა მოსთხოვა.
გამოძიების ინფორმაციით, გოგსაძე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან ერთ-ერთს, კომპანია მშენებლი +, ლობირებდა და სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ მოსთხოვა შპს ჯი ელ გრუპის წარმომადგენელს ტენდერიდან გასვლა. როგორც ირკვევა, კომპანია მშენებელი + მხოლოდ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ფავორიტი არ არის. კომპანია მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს და ჯამში ორი წლის განმავლობაში მხოლოდ მთაწმინდის რაიონში მოგებული ტენდერებიდან 2 482 500 ლარი აქვს მიღებული. რა ნიშნით ირჩევა კომპანია და რატომ იგებს ტენდერებს უკონკურენტოდ მშნებელი +, ამ კითხვებზე მთაწმინიდის გამგეობაში საუბარი არ სურთ.
კითხვებზე პასუხს თავი აარიდა დიდუბის გამგებელმაც. 1 200 000 ლარის ტენდერებში კომპანიამ ამ შემთხვევაშიც უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
სახელმწიფო რომ კორუფციის წინააღმდეგ არ იბრძვის, დარწმუნებული არიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბრძოლა მაღალჩინსოანთა კლანებს შორის დაიწყო და ახლა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ფავორიტ კომპანიებს მიზანმიმართულად ებრძვიან. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ კორუფციული გარიგებები, ჩუღურეთის გარდა, მთაწმინდისა და დიდუბის გამგეობებშიც ხდება და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე ახლა წინასაწრ პატიმრობაშია, თუმცა გამოძიება არ ჩქარობს გამოკითხოს გამგეობის დანარჩენი წარმომადგენლებიც.