"ქართული ოცნების" დეპუტატი ზუგდიდში, დახმარებას "მთავარ არხს" სთხოვს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი პარტია "ქართული ოცნებიდან" დახმარებას და სამართლის აღდგენას "მთავარ არხს" სთხოვს. დეპუტატი, რომელიც "ოცნების" წევრია, ამტკიცებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დამტკიცება რთულია, რასაც ვერც თავად ახერხებს.

საქმე ეხება 4 500 კვადრატულ მეტრს, სადაც 5 შენობა-ნაგებობა დგას. უძრავი ქონება ოთარ მარშავამ 2017 წელს 800 000 $-ად ლეილა ხუნჯუასგან შეიძინა. საბუთები საჯარო რეესტრში და ნოტარიუსთან გაფორმდა. ქონების შეძენიდან 1 წლისა და 3 თვის შემდეგ კი ხუნჯუამ "ოცნების" დეპუტატს მოსთხოვა, ქონება დაებრუნებინა, იმ მოტივით, რომ ამ მიწის ნაკვეთით კონკრეტული მაღალჩინოსანი იყო დაინტერესებული. ვისზეა საუბარი, ოთარ მარშავასთვის უცნობია.

ლეილა ხუნჯუამ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს ახალციხის რაიონულ სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ სამოქალაქო დავაში ოთარ მარშავა გაამართლა და დადგინდა, რომ დოკუმენტაცია წესრიგშია და თანხა სრულად გადახდილია. საქმე დეპუტატის წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომაც განიხილა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ქონებას ყადაღა მაინც ადევს, რადგან პარალელურად ლეილა ხუნჯუამ პროკურატურს მიმართა და ამტკიცებს, რომ მარშავამ მას საბუთებზე ხელი მოტყუებით მოაწერინა. გუჯა ტაბუცაძე, რომელიც საქმის პროკურორია, განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-თი და ოთარ მარშავას ბრალდება, რომ საქმე თაროზეა შემოდებული და კონკრეტული მაღალჩინოსნები არიან ჩარეულები, უარყოფს. არ გამორიცხავს იმასაც, რომ დეპუტატზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. მარშავა კი ამ დრომდე საქმეში მოწმის სახით ფიგურირებს. 

ოთარ მარშავას მიწის ნაკვეთზე ბიზნესი უნდა წამოეწყო, აპირებდა, რომ წყის ჩამოსასხმელი ქარხანა გაეხსნა, ინვესტორიც უკვე მოძებნილი ჰყავდა, თუმცა ყადაღამ გეგმები ჩაუშალა. ყადაღის მიუხედავად კი ოთარ მარშავა მიწის ნაკვეთის ფულს სახელმწიფოს ყოველწლიურად მაინც უხდის. ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმე სპეციალურად ჭიანურება და ამაში მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთება. სიმართლის დამტკიცება კი უფრო და უფრო რთულდება. 

ინფორმაციის გადამოწმება თავად ლეილა ხუნჯუასთან ვცადეთ. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მას "მთავარი არხიდან" უკავშირდებოდნენ, ჯერ უარყო ვინაობა, შემდეგ კი როცა თემა ვუთხარით,  მობილური გაგვითაშა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. 

ზუგდიდის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა სარჩელი სტრასბურგშიც შეიტანა. საქმე კი წარმოებაში მიიღო და ახლა ქართული მხარისგან ელოდება დოკუმენტების გადაცემას. ოთარ მარშავა კი დარწმუნებულია, რომ ამ მთავრობის პირობებში, რომლის წევრიცაა, სიმართლეს ვერ დაამტკიცებს.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი