ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგება მრავალმხრივ პრობლემური გახდა. მან ერთგვარად დადებით კონტექსტში მოიხსენია "ქურდული სამყაროს" კანონები და არსებული ურთიერთობა მორალურ ჭრილში განიხილა.
საკვირაო ქადაგებაზე მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციაზე - რომ თითქოს მოსახლეობას ემუქრებიან, გაიკეთონ ვაქცინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით და პენსიის შეწყვეტით ემუქრებიან.
სიძულვილის შემცველი იყო ქადაგების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს ეხებოდა - "თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?"- თქვა მან.
"ზოგიერთი რელიგიური ადამიანი არ ამბობს სამართალს, ისინი ვინც იყვნენ ნამდვილი [ქურდები] ან ჩაცხრილეს და ამბობდნენ სამართალს, მოიშორეს, გაუშვეს. მუქრები დაიწყეს, არ გაიკეთებ აცრას პენსიას მოგიხსნი, ჯერ რა პენსიაა, თავი რომ ურტყა კედელზე, მათხოვრული, სოციალურს მოგიხსნი. ქართველს სოციალური უნდა სჭირდებოდეს, მე პენსია უნდა მჭირდებოდეს კაცო? რახან ჭიათურის მოქალაქე ვარ და მე აქ ვემსახურები მაღაროელებს და ამ სისტემას, ამ მოწამლულ ქვეყანას 1000 ევრო თვეში ერთხელ უნდა ჩამიდოთ ჯიბეშითქო, არ დამიმალია მე", - თქვა დეკანოზმა თადეოზმა.
დღეს დეკანოზსს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია, თუ რა იყო ამ ქადაგების მიზანი. დღევანდელი წირვა ტაძარში სხვა სასულიერო პირმა აღავლინა.
ცოტა ხნის წინ ამ თემაზე განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი აცხადებს, რომ ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას.
რა სანქციას გამოიყენებს მეუფე დანიელი ჯერ უნცობია, ის ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქთან ერთად სადღესასწაულო წირვას ესწრება.