დატაცებული მიწები სიღნაღში - წინასაარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" სიღნაღში მიწების გადაფორმება გამარტივებული წესით დაიწყო, მთავარი მიზანი ამომრჩეველთა გულის მოგება იყო. გია გოგოსაშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომლებიც საგამოძიებო უწყებამ უკვე გაფორმებულ მიწასთან დაკავშირებით დაიბარეს და კითხვები დაუსვეს. მას სხვების მსგავსად ამ თემაზე საუბარი არ სურს, რადგან შიშობს, რომ თუ ახლა ილაპარაკებს, მიწას საბოლოოდ დაკარგავს. სიღნაღში ამ მდგომარეობაში კიდევ ბევრი მოქლაქეა. მიწების გასხვისების საკითხით ანტიკორუფციული დეპარტამენტი უკვე დაინტერესდა.
სიღნაღში მიწების გასხვისების კორუფციული სქემით მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ჯგუფი რომ მუშაობს, ამაზე როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე ოპოზიცია და ჟურნალისტებიც საუბრობენ. მათთვის ცნობილია სქემაც, რომლითაც სიღნაღის მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა.
სქემის თანახმად, მერთან და სხვა საჯარო მოხელეებთან დაახლოებულ პირებს მიწას უფასოდ უფორმებდნენ, იმ მოტივით, რომ ოდესღაც ამ მიწას მათი წინაპარები ამუშავებდნენ. იაფად ხელში ჩაგდებულ მიწას კი რამდენიმე თვის შემდეგ ათიათასობით ლარში ყიდდნენ. ამბავი მას შემდეგ გახმოვანდა, რაც სიღნაღის მერმა საქმის გადაბრალება ქალაქში თავის წარმომადგენელზე სცადა, რომელმაც საქმის გამოძიების თხოვნით საგამოძიებო უწყებას მიმართა.
მიწების გასხვისება მერიამ წინასაარჩევნოდ წამოიწყო. აამუშავა თვითმმართველობაში მოქმედი ქონების აღიარების კომისია, რომლის მეშვეობითაც, 300 კვ. მ მიწის ფართობი გოგი გოგილაშვილმა საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა. მაშინ, როდესაც კომისიის ფუნქციონირება წლობით შეწყვეტილია და მოსახლეობა რეგისტრაციას ითხოვს, მერისთვის კომისიის წევრები საგანგებოდ შეიკრიბნენ.
"მთავარის" გადამღები ჯგუფი ცდილობდა მერისგან მოესმინა პასუხები კორუფციული გარიგებისა და იმის შესახებ, რატომ მიანიჭა მას უპირატესობა აღიარების კომისიამ, თუმცა, მერიაში "მთავარი არხი" არ შეუშვეს, სიღნაღის მერმა კი, გოგი გოგილაშვილმა არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.
რა კანონდარღვევას აღმოაჩენს ანტიკორუფციული სამსახური სიღნაღის მერიის მიერ მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით - მოგვიანებით გაირკვევა. მანამდე კი მერიაში პასუხისმგებლობას გაურბიან და კორუფციული გეგმით მოპოვებული მიწებით სარგებლობას ამ დრომდე განაგრძობენ.
ავტორი: ია გულიაშვილი