მეცნიერების პოლიტიკური პატიმრობა დასრულებულია- ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დარბაზი 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვეს. არც ერთ მეცნიერს დანაშაული, რომელსაც გამოძიება ედავებოდა არ უღიარებია. უფრო მეტიც, სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა მელაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ ის პოლიტიკური საქმის მძევალი იყო და არცერთი პირს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არ ჩაუდენია.
ნატალია ილიჩოვამ ვრცელი განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა კარტოგრაფი, რომელსაც პროკურატურა ქვეყნის საზიანოდ რუკების გადამალვას აბრალებს ამბობს მხოლოდ ერთს, რომ სამართლებრივი ბრძოლის გზაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს და ბრალის სრულად მოხსნამდე იბრძოლებენ.
მეცნიერების პოლიტიკურ სასამართლოს წინ შოთაძის უწყებაში გაკეთებული განცხადება უძღოდა, სადაც პროკურორმა განაცხადა, რომ მეცნიერების პატიმრობაში დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ ბრალი აღიარეს.
შოთაძის უწყების ეს განცხადება რეალობასთან კავშირში რომ არ აღმოჩნდა ნათელი მას შემდეგ გახდა, რაც სასამართლო დარბაზში ექვსაათიანი დაძაბული სასამართლო პროცესის დროს ადვოკატები მოსამართლისგან მხოლოდ იმას ითხოვდნენ, რომ მეცნიერები აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებულიყვნენ. ივერი მელაშვილმა კი საკუთარ სიტყვაში, არათუ ბრალი არ აღიარა, კომისიის წევრობის სტატუსის შეწყვეტაც გააპროტესტა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაული არასოდეს ჩაუდენია.
პოლიტიკური სასამართლო დაკავებული მეცნიერების წინააღმდეგ ბრალდების მხარის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით დასრულდა, ერთადერთი რაც მოსამართლემ გაითვალისწინა მოთხოვნილი 30 ათას ლარიანი გირაო 10 ათასი ლარით შეამცირა. მეცნიერებს აეკრძალათ ქვეყნიდან გასვლა პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე და ასევე კომისიაში მუშაობა. მოსამართლემ არც ოპოზიციის ლიდერების თავდებში დადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ადვოკატების განცხადებით, პროკურატურა ახლა ცდილობს, რომ იმგვარად წარმოაჩინოს, თითქოს, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ბრალი აღიარეს, იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულება არ არსებობს, პროკურორი კი აცხადებს, რომ ამის დასტური დამონტაჟებული აუდიო ვიდეო ჩანაწერებია, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა.
სასამართლო პროცესმა დღეს საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე ჩაიარა, ციხიდან გამოსულმა მეცნიერებმა პირველი მადლობაც სწორედ მხარდამჭერებს გადაუხადეს. კარტოგრაფების მთავარი მიზანი ახლა ის არის, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცონ და კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ხელისუფლების პოლიტიკური მძევლები იყვნენ.