
"გლოვო" კურიერების პროტესტს კომპანია განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ელოდებიან პროტესტის მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან კონკრეტულ მოთხოვნებს, იმისთვის, რომ შეძლონ მათთან ყველა დეტალზე საუბარი
"ვაცნობიერებთ, რომ ახლა ყველასთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც შემსუბუქებისკენ მივმართოთ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დავუჭიროთ მხარი და გავითვალისწინოთ როგორც „გლოვერების”, ისე „გლოვოზე” განთავსებული ობიექტებისა და მომხმარებლების მდგომარეობა.
მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორ კურიერებთან, ვაცნობთ მათ ინფორმაციას ცვლილებებისა და საბონუსე სისტემების შესახებ. კურიერების ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული თანხით ყველა დასრულებული შეკვეთიდან და ბონუსით, რომელიც შეკვეთების რაოდენობასა და სამუშაო საათებზეა დამოკიდებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მომხმარებელმა ნებისმიერი შეკვეთა საათზე ნაკლებ დროში მიიღოს, ამასთანავე, ყველასთვის ცნობილია, რომ „გლოვოს” თითო კურიერი მხოლოდ თითო შეკვეთას ემსახურება, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ვზრდით კურიერების რაოდენობასაც და ვახდენთ საბონუსე სისტემის ადაპტირებას, რაც სტანდარტული პროცესია და დრო სჭირდება.
„გლოვერები”, რომლებიც Covid-19-ის გავრცელების პერიოდში ნამდვილ სუპერგმირებად იქცნენ ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, „გლოვოს” მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები.
პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერებისგან ველოდებით კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ შევძლოთ მათთან ყველა დეტალზე საუბარი და კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ შექმნილი სიტუაციის გამო დაზარალდეს მომხმარებელი და მით უფრო, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაშია”, – ნათქვამია „გლოვოს” განცხადებაში.
შეგახსენებთ, "გლოვოს" კურიერები ტარიფების დაწევას და ბონუსის შეცვლას აპროტესტებენ. მათ დღეს სათაო ოფისთან აქცია გამართეს.