დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებშია აცრილი, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან კი გლობალური ვაქცინაციის კამპანიის ათეულში ისრაელი და თურქეთი მოხვდნენ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ შედის - მიზეზი კი, ქვეყანაში ვაქცინის ამ დრომდე არ არსებობაა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაცია გაზაფხულიდან დაიწყება, რაც კლინიკების ასოციაციის წარმომადგენლებისთვის გაუგებარი და არგუმენტს მოკლებულია. თვლიან, რომ ვაქცინის გარეშე თითოეული დღე ქვეყნისთვის განაჩენია.
საქართველოს მთავრობა, რომ ვაქცინის საკითხის პოლიტიზებას ცდილობს - ამბობენ სფეროს ექსპერტები. მათი შეფასებით, ამაზე მეტყველებს ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე უარი, რაც მალტადან ვაქცინის ჩამოტანას ითვალისწინებს. ამტკიცებენ, რომ თუ ქვეყანას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა და ბიზნესის ამუშავება სურს, ვაქცინის ქვეყანაში შემოსატანად, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.
სფეროს ექსპერტების კრიტიკას ირონიით პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი. თუმცა, მთავარ კითხვაზე - როდის მიიღებს საქართველო ვაქცინის პირველ დოზას - კონკრეტული პასუხი პასუხისმგებელ პირებს ამ დრომდე არ აქვთ. დღეს ამირან გამყრელიძემ ისევ ვერ შეძლო დაესახელებინა თარიღი, როდის შემოვა საქართველოში “კოვაქს” პლატფორმიდან „ფაიზერის“ ვაქცინა.
ხელისუფლების არათანმიმდევრული ქმედებების გამო, ექსპერტების ვარაუდობენ, რომ ქვეყანას კოვიდპანდემიის მესამე ტალღა მძიმე ტვირთად დააწვება.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი