შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ტ.ა. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალის შენობაში შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.