კოვიდეპოქას შეწირულები - ჯანდაცვის კოლაფსის გამო სტატისტიკად ქცეული ადამიანური ტრაგედიები

გამოქვეყნდა:

კოვიდეპოქაში ადამიანების ტრაგედია ბრუტალურ, არადამიანურ სტატისტიკად იქცა. ყოველდღიურად 10 ობით გარდაცვლილი, ამ ტრაგედიის მიღმა არ დგას მხოლოდ სასიკვდილო ვირუსი, დგას ძირგამოიმპალი ჯანდაცვის სისტემა, რომელისთვისაც ადამიანების სიცოცხლე მანამდეც მხოლოდ სტატისტიკა და შემოსავლის გენერირების საშუალება იყო. 

19 წლის გოგო სწორედ ჯანდაცვის სისტემის უსამართლობას შეეწირა. ორი თვის შემდეგ ტკივილი არ განელებულა, არც კითხვებზეა პასუხი, ვინ არის დამნაშავე ახალგაზრდა გოგოს სიკვდილში. ჯანდაცვის უწყებაში ისევ დროს ითოხვენ, დროს - ვინმეს ბრალეულობის გამოსავლენად. ვინმეს, მაგრამ არა სისტემის. თეკლას დედა იხსენებს, რომ ბოლო შეტყობინება შვილისგან გერმანული ჰოსპიტალიდან მიიღო. სადაც რამდენიმედღიანი წვალებისა და ვითარების დამძიმების შემდეგ მოხვდა.  ოჯახი უშედეგოდ რეკავდა ოჯახის ექიმთან, 112-ში, ჯანდაცვის სამინისტროში იმისთვის, რომ ბავშვი   კლინიკაში გადაეყვანათ. საბოლოოდ კი მხოლოდ კოვიდსასტუმროში აღმოჩნდნენ, სადაც მოუმზადებელმა სისტემამ პირველი კრახი განიცადა.

ამ ტრაგიკულ ისტორიაზე მოკვლევა ჯანდაცვის მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა, თუმცა, ორი თვის შემდეგაც პირადი კონტროლმა, როგორც ჩანს არ გაამართლა და გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში უკვე მერამდენედ დაბარებულ შვილმკვდარ დედას ისევ მიუსამძიმრეს, ისევ სამედიცინო ტერმინოლოგიაში გააბრუეს და ისევ დრო ითხოვეს.

გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლი 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გახდა. ოჯახისთვის მიწერილი ბოლო მესიჯში, ახალნამშობიარები ქალი ექიმების უყურადღებობაზე საუბრობდა. ბათუმის სამშობიარო სახლში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მდგომარეობა დამძიმდა. დაგვიანებულ რეაგირებას მედიკოსები უარყოფენ. ოჯახს კი, სადაც ახლა მცირეწლოვანი დედის გარეშე იზრდება ყველა კითხვაზე პასუხად ჯანდაცვის სამინისტროდან მხოლოდ დუმილი აქვთ. 

ჯანდაცვის უწყების გამოძიების პასუხს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება 24 წლის ნინო გულიკაშვილის ოჯახიც. ახალგაზრდა ქალი მცხეთის სამედიცინო ცენტრში ცხელებით 3 დეკრმბერს შევიდა, თუმცა, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაციენტი COVID-19-ით სწორედ კლინიკაში დაინფიცირდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ქალი გარდაიცვალა კლინიკამ კი, მტკიცება დაიწყო, რომ პაციენტს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. ექიმები ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ საქმე კი, თითქმის 2 თვეა სამედიცინო რეგულირებიის სააგენტოს თაროზე აქვს შემოდებული. ოჯახს სიმართლის დადგენის იმედი ჯანდაცვის უწყებაში აღარ აქვს.

ის რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირებიის სააგენტო ხშირ შემთხვევაში არაეფექტურად მუშაობს და სამედიცინო საქმეების განხილვა შესაძლოა წლები გაგრძელდეს კარგად იცის ლიკა ლომთათიძემ. ის ექიმებს დედის გარდაცვალებას აბრალებს და გვიყვება, რომ კლინიკა დუმილის სანაცვლოდ დიდ თანხას სთავაზობდა. 51 წლის ელზა ჩხობაძე თირკმლის შეტევით ბათუმის  „მედცენტრში“  2018 წლის დეკემბერში შეიყვანეს, თუმცა, ტკივილგამაყუჩებლის გაკეთების შემდეგ მალევე სახლში გაწერეს. მოგვიანებით ქალი ძლიერი პირღებინებით და ტკივილით ისევ კლინიკაში დააბრუნეს. ლიკა ლომთათიძის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში დედა შველას ითხოვდა დილას კი თრომბოემბლიით გარდაიცვალა. 2 წლიანი დავის შემდეგ ტიკარაძის უწყებამ „მედცენტრის“ ექიმს ლიცეზია ორი თვით შეუჩერა. ვადის გასვლის შემდეგ კი ექიმი ისევ კლინიკაში დააბუნეს.  კლინიკა დუმილის სანაცვლოდ თანხის შეთავაზებას უარყოფს.

სამედიცინო შემთხვევების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობენ იურისტებიც. სპეციალისტების თქმით, ხშირ შემთხვევაში უწყება საქმეებს მიზანმიმართულად აჭიანურებს დასკვნები კი ზედაპირული და დაუსაბუთებელია. მნიშვნელოვან პრობლემაა ისიც, რომ  რეგულირების სააგენტოში საქმეებს მხოლოდ სამედიცინო პროფესიონალები განიხილავენ და ხშირად კოლეგიალობის ნიშნით ექიმებს ხელს აფარებენ.

სისტემურ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას ჯანდაცვის ექსპერტები. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შესაძლო კორუპციულ გარიგებაში იმყოფება კლინიკებთან, პრობლემის სათავეს კი ქვეყანაში უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის არარსებობაა, რომელიც ექიმებს კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა ავალდებულებდეს.

მხოლოდ გასულ წელს საქართველოში პროფესიული პასუხისმგებლობა 134 ექიმს დაეკისრა, 24-ს კი ლიცენზია შეუჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში კი ასობით გახმაურებული საქმე ისევ თაროზე დევს და ოჯახები მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ რა გახდა მათი ახლობლების გარდაცვალების მიზეზი კვლვავ უშედეგოდ ელოდებიან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი