ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ თებერვლის ბოლომდე საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვა.
"ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო ოფიციალური დასტური იმის თაობაზე, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია - 29 250 ერთეულის ოდენობით, რაც განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სფერო პირველი ჯგუფის პრიორიტეტია, რომლის აცრაც მოხდება. ვაქცინაცია შემდეგ უკვე დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის გაგრძელდება. აცრა დიდ კლინიკებში ჩატარდება, ანუ ჰოსპიტლის დონეზე, რადგან ასაცრელი ჯგუფი მცირეა. ეს იქნება თბილისის, ბათუმის და ქუთაისის დიდი კლინიკები", - თქვა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გაბუნიასვე თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა სახის ვაქცინაც იქნება ხელმისაწვდომი.
"ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანა პირველ დოზებს მიიღებს იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხერხდა. ძალიან მალე დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება ცნობილი ვაქცინებიდან. ანუ, გარკვეული რაოდენობით დაემატება „ასტრაზენეკა“ პირველი Pfizer-ის ვაქცინას. ასევე არის მოლოდინი, რომ დამატებითი ვაქცინები, რომელთაც წარმატებული შედეგები აქვთ, ეტაპობრივად დაემატება იმ შესაძლებლობას, რასაც დღეს გვთავაზობენ ვაქცინაციის პროგრამები", - ამბობს თამარ გაბუნია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს იმასაც, რომ ქვეყანაში ვაქცინა საიდან შემოვა - ეს შესყიდვის პროცესში დაზუსტდება.