2 თებერვლიდან პარლამენტი ნარკოტიკული საშუალებების დოზების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებს, ასევე მათ დოზათა ნუსხაში ცვლილებებს ხელახლა განსაზღვრავენ.
საუბარია: ამფეტამინზე, დეზომორფინზე (ე.წ. „კრაკადილი“), ლიზელგინის მჟავაზე (ლსდ), მდმა-ზე (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონიზე, მეტამფეტამინზე, მეთადონსა და ჰეროინს.
ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით. მაგალითად, კომბინირებულ პრეპარატებში სუფთა ნივთიერების ხვედრითი წილის მიხედვით ხდება აღნიშნული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ოდენობის დაანგარიშება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.
კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია ზუსტად განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწა."
კანონპროექტის ინიციატორები მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.