ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი გუშინ, პირველ თებერვლას "ალტა-ოქეის" მაღაზიაში მასზე თავდასხმასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აფასებს. მელაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ეს პროვოკაცია მთავრობის წაქეზებული იყოს.
"ვფიქრობ, რომ ხელოვნურია, უბრალოდ ან ვიღაცამ უთხრა, რომ ასე მოიქცეს და რაღაც პროვოკაციური ქმედება განახორციელოს, შეიძლება მთავრობის წაქეზებით არის გაკეთებული ეს ყველაფერი. ცხოვრების დიდი ნაწილი იღწვი, მოღვაწეობ იმისათვის, რომ პირიქით, ეს პრობლემა საქართველოს სასიკეთოდ იქნეს გადაწყვეტილი, და არამარტო ეს, და ამ დროს ვიღაცა რომ უტიფრად გაბრალებს აბსოლუტურად საწინააღმდეგოს", - თქვა ივერი მელაშვილმა.
კარტოგრაფი არც იმას გამორიცხავს, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს.
ივერი მელაშვილს შეურაცხყოფა "ალტა-ოქეის" მაღაზიაში ბაქარ ადამიამ მიაყენა. ის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელია. დაპირისპირების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაღაზიას დაცვის გამოძახებას სთხოვენ, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფელბას აკისრებს მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძეც, რომელიც მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "ქართული ოცნების" წევრებმა კი ფაქტი დაგმეს და მასთან რაიმე კავშირი გამორიცხეს.