ლაშა თორდიასთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო და ოთარ ფარცხალაძე სრულად გაამართლა.
თორდია ამბობს, რომ ყველა ინსტიტუცია ქვეყანაში მიწასთან გასწორებულია და ემორჩილება პოლიტიკურ მითითებებს.
მოლოდინი არც მქონია სხვა შედეგის, მაგრამ ესე სამარცხვინოდ თუ გააკეთებდნენ ყველაფერს ნამდვილად არ წარმომედგინა!
ბანდიტი და მართლმსაჯულება - წერს "ფეისბუქზე" თორდია
სახელისუფლებო მედიით გაავრცელა განცხადება ფარცხალაძემაც, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესებს არ დასწრებია - "სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ მიდიოდა მიზანმიმართული და ზღვარგადასული ცილისწამება“- ამბობს ყოფილი პროკურორი.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი და მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. რაც შეეხება დაზარალებულს, ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის მაისში, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა, რის შემდეგაც ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თავს დაესხა, ხოლო ფარცხალაძემ პასუხად განაცხადა, რომ ლაშა თორდია მთვარლი იყო და დაპირისპირება მისი მიზეზით დაიწყო.