შერჩეულია 10-მდე საავადმყოფო, სადაც მოხდება აცრები - გამყრელიძე ვაქცინაციაზე

გამოქვეყნდა:

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველომ მიიღო დასტური კოვაქს პლატფორმიდან და თებერვლის მეორე ნახევარში Pfizer-ის წარმოების ვაქცინის 29 250 დოზას  მიიღებს.

განცხადება გამყრელიძემ COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, აცრა ორჯერ კეთდება და ვაქცინის პირველი პარტია 14 000 ადამიანს ეყოფა. პრიორიტეტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.

გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ.

„ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ შორისაც ხდება პრიორიტეტიზაცია, რადგან საქართველოში მთლიანად 75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, აქედან ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 – 60%, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენი სამიზნე ამ წლის განმავლობაში არის 60%. უკვე დაწყებულია მათი მონაცემების შეკრება, დღეს დილით, 27 000 მონაცემი იყო სპეციალურ პორტალზე ატვირთული, სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც მიცემული ინსტრუქციის მიხედვით თვითონ ახდენენ პრიორიტეტიზაციას, მაღალი პრიორიტეტის ანუ, ვინც უშუალოდ კოვიდავადმყოფებთან მუშაობენ, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ადამიანები- ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება ვაქცინის შენახვის პირობებს, ვაქცინა დასაწყობდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, სადაც შესაბამისი პირობებია მოწყობილი.

ცნობილია, რომ Pfizer-ის ვაქცინა  -70-80 გრადუსზე ინახება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი