ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ერთ-ერთი ქადაგებისას ნამახვანჰესზე ისაუბრა და ხელისუფლებას კითხვები დაუსვა.
ერთი მხრივ, ის თანადგომას უცხადებს რიონის ხეობის მოსახლეობას, მეორე მხრივ კი აინტერესებს, რის სანაცვლოდ ვკარგავთ ტერიტორიას ათეული წლით.
"გავიგე, რომ რიონის ხეობა გადაუციათ 1 საუკუნით თურქული კომპანიისთვის და იქ ადგილობრივ მოსახლეობას გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ჯვარი მოთხარეს, გადააგდეს - იქ ისეთი რაღაცები მოხდა, რაც მიუღებელია საერთოდ და კი არ ესიამოვნებათ ზოგიერთებს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა დავუსვათ კითხვა და პასუხი უნდა გაგვცენ. მართალია, რომ 99 წლით გაასხვისეთ რიონის ხეობის დიდი ნაწილი? ამის დამალვა არ შეიძლება... რა ისეთი ენერგოდამოუკიდებლობა უნდა მოვიპოვოთ, რომ პირდაპირ ვკარგავთ ხეობის ფლობის უფლებას?"
მეუფე სტეფანე ფიქრობს, რომ ნამახვანჰესის საკითხი არა რომელიმე კონკრეტული კუთხის, არამედ ქვეყნის ინტერესში უნდა შედიოდეს.
"ჩემი ეპარქიის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას ექნება სურვილი, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ნებისმიერ ადგილზე აღმართოთ ჯვარი. დიახ, ჯვარი ჩვენი დასაცავია, მფარველი და იარაღი, როცა სხვა გზა არ გვაქვს, ქრისტიანები მისით ვიცავთ თავს. მე მინდა, თანაგრძნობა, თანადგომა გამოვუცხადო რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც არაფერს ცუდს არ ითხოვს და იბრძვის, რათა ვიცოდეთ, რა ინტერესები ტრიალებს ხეობაში... სანამ შეგვიძლია, ხმა ამოვიღოთ. ვისაც ეს საკითხი არ აქვს გათვითცნობიერებული, ვამბობ, რომ მთელი საქართველოს საკითხია, ყველას ეხება", - ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ 100 დღეზე მეტია, რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება.
სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.
ქუთაისის შემდეგ, იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5 მეტრის სიმაღლის ტალღით.
ცნობისთვის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია 30 იანვარს პოლიციამ დაარბია.