დღეს, როცა პანდემიის გამო უამრავი ბიზნესი გაკოტრდა, მიტანის სერვისი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც ეკონომიკური კრიზის მიუხედავად მომხმარებელი პირიქით მოემატა, შესაბამისად შემოსავალიც გაეზარდათ და ეს კურიერების ხელფასზეც უნდა ასახულიყო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. კომპანიის გადაწყვეტილებით მათ ანაზღაურება შეუმცირდათ, რაც პროტესტის მიზეზიც გახდა.
მას შემდეგ რაც გლოვერებმა კომპანიას თავიანთი მოთხოვნები გააცნეს და ძველი ტარიფების დაბრუნებასთან ერთად, სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს, კომპანიამ ყველა მათგანს მეილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამია რომ „პროტესტის გამოხატვისას კომპანიის პროცედურების დარღვევას“ მათი მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვებოდა. ადრესატებმა წერილი მუქარად აღიქვეს.
დღეს კურიერები შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობენ. კომპანიებმა მათთვის სრულიად ახალი ტერმინი - პარტნიორი მოიგონეს, შესაბამისად არც შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმეს, რაც ავტომატურად ნიშნავს რომ ისინი შრომითი კოდექსის მიღმა არიან დარჩენილი.
გლოვერების აქციის შემდეგ მედიით გავრცელდა სტატია, სადაც დასახელდა მათი საშუალო ხელფასი, 3-იდან 4 ათას ლარამდე. ამან კიდევ უფრო მეტად გაანაწყენა კურიერები, რადგან ეს აშკარა სიცრუე იყო. ფიქრობენ, რომ ეს მათი დისკრედიტაციისთვის გაკეთდა. რეალურად კი, თუ კვირაში შვიდი დღე და დღეში 12 საათი მუშაობენ, 1800 ლარს იღებენ.
ავტორი: ნინო ჟვანია