პოლიციის შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ადვოკატ შოთა თუთბერიძეს დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ელოდებიან. უფლებათდამცველი, რომელიც სამართალდამცველებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს, მისი უფლებები უხეშად დაარღვიეს და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხქვეშ გათელა როგორც ადვოკატის პროფესიული დაცვის სტანდარტი, ასევე, მოქალაქის, ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ჰყავდა 2 ადამიანი - მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ყველანაირი პროცედურის, წესის დაცვის გარეშე", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
მისი თქმით, პოზიტიური მოლოდინები ეფექტურ გამოძიებაზე არ აქვს.
შოთა თუთბერიძემ, ფაქტის შესწავლა გენერალურ ინსპექციასაც მოსთხოვა, თუმცა ძალოვანი უწყება შესაძლო კანონდარღვევაზე ამ დრომდე დუმს. პოლიციაში არსებული დაუსჯელობის სინდრომის გამო კი უფლებათდამცველი, საქმის შესწავლას სახალხო დამცველისგანაც მოითხოვს.