"ყოველგვარი ესეთი ხმების გავრცელება პატრიარქს, რაც შეეხება ეს არის დანაშული" - ასე აფასებს მეუფე ნიკოლოზი სინოდის სხდომამდე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ილია მეორეს გადაყენება იგეგმება.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი "ცუდ ინფექციას" ავრცელებენ და საზოგადოებას აზიანებენ.
"ვიღაცამ სისულელე წამოროშა და თქვენ ყველამ, ყველამ აიტაცეთ და სულ ყოველ წუთში იმეორებთ, ესეთი ფორმულირებით, რომ - რუსული, თუ პრორუსული ეპისკოპოსები აპირებენ პატრიარქის გადაყენებას, ეს არის სამარცვინო.
თქვენ ავრცელებთ ძალიან ცუდ ინფექციას, რომელიც საზოგადოებას აზიანებს, მაგრამ თუ ჩვენ, საზოგადოებამ ეს გადავიტანეთ, ესე რომ ვთქვათ, ეს თქვენ მიერ გავრცელებული ვირუსი, ჩვენ ავიცრებით ამაზე და მერე ცოტა ხნის მერე თქვენ ამას ვეღარ გააკეთებთ.
ყოველგვარი ესეთი ხმების გავრცელება პატრიარქს რაც შეეხება ეს არის დანაშული. მე ვთვლი, რომ თქვენ ჩადიხართ დანაშაულის, როდესაც აკეთებთ ამის ტირაჟირებას", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, წინა სინოდის სხდომიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ საპატრიარქოში მღვდელმთავრები კვლავ შეიკრიბებიან. ზუსტად უცნობია რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, თუმცა სავარაუდო თემებს შორის სახელდება კორონავირუსის პანდემია და ტესტირება, პეტრე ცაავას განკვეთის საკითხი და ეპარქიებში ახალი მღვდელმთავრების დანიშვნა.
ამავე თემაზე: