სისტემური უმოქმედობა და კვალიფიკაციის ნაკლებობა - სახალხო დამცველი ქობულეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმიანება.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ რეაგირებენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულად, ეფექტიანად და კოორდინირებულად, რაც სახელმწიფოს სისტემური ცვლილებების სასწრაფოდ გატარებას საჭიროებს.
სახალხო დამცველი ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის. გარდა აისა, მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებენ არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს. ისინი ინსტიტუციურ გულგრილობასა და მწვავე სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ. 14 წლის გოგოს საქმეში ჩაერთო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".
ცნობისთვის, საუბარია არასრულწლოვანი გოგონას სუიციდზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სავარაუდოდ გააუპატიურეს, თუმცა მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.