ეკლესია მიესალმება, რომ კოვიდ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამის შესახებ სინოდის განჩნების ტექსტშია ნათქვამი.
11 თებერვლის სხდომაზე კოვიდ პანდემია და ვაქცინაცია მღვდელმთავრების საუბრის ერთერთი ძირიტადი საკითხი იყო, როგორც განჩინების ტექსტიდან ირკვევა, მოხსენება ამ თემაზე სასულიერო პირებს ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა გააცნო:
ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში" ნათქვამია სინოდის განჩინებაში.
მღვდელმთავრები თვლიან, რომ "საჭიროა საზოგადოების მომზადება" და იმ კითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც ვაქცინასთან დაკავშირებით არსებობს.
საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა - ნათქვამია განჩინებაში.