ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობის დაწესებული შეზღუდვები კონსტიტუციურად მიიჩნია, პარლამენტის როლს ასუსტებს.
საია მიიჩნევს, რომ 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საშიში პრეცედენტია გადაადგილების თავისუფლებისა და მთავრობაზე ეფექტური საკანონმდებლო კონტროლის თვალსაზრით.
საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ ე.წ. „კომენდანტის საათი“ არ არის უფლების მძიმე ფორმით შეზღუდვა, ხსნის ამ ღონისძიების დროებითი ხასიათით. ეს მაშინ, როცა ხელისუფლების განცხადებით, ეს იქნება ის საკარანტინო ღონისძიება, რაც ბოლოს გაუქმდება. შესაბამისად, უცნობია რა დრომდე გაგრძელდება ეს ღონისძიება.
ამასთან საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, პანდემიის ვითარება ცვალებადია და აღმასრულებელ ხელისუფლებას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მოერგოს ამ ცვალებად ვითარებას, ვიდრე საკანონმდებლო ხელისუფლებას.
ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საიას იურისტების პოზიცია იყო ის, რომ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ (ეს არის კანონი, რომელიც დღეისათვის არ მოქმედებს) გარდა სხვა კანონშიც უნდა ყოფილიყო დეტალური მითითება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, მოსთხოვოს მოქალაქეს სახლიდან გასვლისაგან თავის შეკავება, პანდემიური ვითარების გაუარესების შესაბამისად.
ხოლო საკითხი იმასთან დაკავშირებით რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო კომენდანტის საათი, რა ტერიტორიულ ერთეულებში უნდა ყოფილიყო ეს ღონისძიება გამოყენებული, ეს საკითხი თავად მთავრობას გადაეწყვიტა, შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, გადაწყვეტილებაში არ ვხვდებით პასუხს ამ არგუმენტებთან დაკავშირებით.
საიას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასუსტებს საქართველოს პარლამენტის როლსაც მთავრობის კონტროლის და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით" ნათქვამია საიას-ს განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება პაატა დიასამიძის, გიორგი ჩიტიძის, ედუარდ მარიკაშვილისა და ლიკა საჯაიას სარჩელზე 11 თებერვალს გამოაქვეყნა.
კოლეგებისგან განსხვავებული აზრი მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ დააფიქსირა და თქვა, რომ პარლამენტმა საკმარისი სიცხადით არ განსაზღვრა, რა ფორმით, შინაარსითა და რა ფარგლებში შეეძლო მთავრობას საკუთრების უფლების, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა.