შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიმართ მომხდარი ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე თ.ვ.-ს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე თ.ვ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 თებერვალს, თბილისში, თ.ვ-მ, ამ ეტაპზე დაუდგენელი მოტივით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მის ყოფილ თანამშრომლებს ი.ხ-ს და გ.კ.-ს დაზიანებები მიაყენა. ხოლო ნ.ე-ს, ჯერ ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, შემდეგ კი მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. თ.ვ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (ორი ეპიზოდი)), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განხადებაში
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება შემოსავლების სამსახურში, გუშინ, 12 თებერვალს, მოხდა, რა დროსაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, ირაკლი ხურციძეს თავს დაესხნენ. მას სახის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ხურციძე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა სცემა და ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.