შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა - შსს 14 წლის მოზარდის ბაბუაზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი - 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა", - წერია უწყების განცხადებაში.

ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, საუბარია არასრულწლოვანი გოგონას სუიციდზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სავარაუდოდ გააუპატიურეს, თუმცა მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანზე ფიზიკურად ოჯახის წევრებიც ძალადობდნენ. ორი თვის წინ ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვს, სავარაუდოდ, ცემისგან მიღებული დაზიანებები ჰქონდა.

ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდო სექსუალური მოძალადე, 24 წლის კაცი 11 თებერვალს დააკავა, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი