ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე COVID19-ის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის ჩავარდნას აღიარებს. თამარ გაბუნიამ გაამხილა, რომ მთავრობამ ვაქცინის მწარმოებლებს დამაჯერებელი წინადადება ვერ შესთავაზა, რის გამოც, ქვეყანას საჭირო დოზების მისაღებად ლოდინი კიდევ დიდხანს მოუწევს. ამ განცხადებამდე ორი თვით ადრე კი ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეც საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. არც პრემიერია გამონაკლისი, რომელიც ამტკიცებს, რომ წლის ბოლომდე კორონავირუსზე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის არასერიოზული, ზედაპირული დამოკიდებულების გამო ქვეყანა მხოლოდ კოვაქსპლატფორმაზე დამოკიდებული დარჩა, საიდანაც საქართველო, დაახლოებით, 1 400 ათას ვაქცინის დოზას მიიღებს და საბოლოოდ მხოლოდ 700 ათასი ადამიანი აიცრება.
პარალელურად გააქტიურდნენ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები და გახარიას მთავრობას საქართველოში რუსული, სპუტნიკ V-ის შემოტანას სთხოვენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ან როგორ გეგმავს წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრას - ეს კითხვები პასუხგაუცემელია.