ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. 42 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
მეზობლების ინფორმაციით, ქალს საკუთარი შვილი თავდაპირველად, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდა. ამის შემდეგ კი არასრულწლოვანი დანით დედას გაუსწორდა.
დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. ამ წუთებში დაშავებულს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, ქალი მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მას ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავები კითხავენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას.
ავტორი: ია გულიაშვილი