მთაწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ყველა პირი კანონის შესაბამისად დააკავეს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დაშლას არ აპირებენ, მობილიზებულია პოლიციაც.
"აქტივისტები, რომლებიც დაკავებულები არიან არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და ეწინააღმდეგებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის საფუძველზე... იმყოფებოდნენ გზის სავალ ნაწილზე, აფერხებდნენ საავტომობილო გადაადგილებას, მოძრაობას უშლიდნენ ხელს და ჩვენი მოწოდებების შემდეგ არ ემორჩილებოდნენ ჩვენს კანონიერ მოთხოვნას. ყველა დაკავდა კანონის შესაბამისად", - თქვა გოგოა მემანიშვილმა.
ადგილზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან 2 თვის განმავლობაში მდგარი კარვები წინა მხარეს გადაეტანათ. ამის შესაძლებლობა მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
აქტივისტები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და მათ კარვის პარლამენტის წინ გაშლის უფლება აქვთ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 ადამიანია დაკავებული.
ავტორი: დეა მამისეიშვილი.