შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის დროსაც 17 ადამიანი გარდაიცვალა 3 კი მძიმედ დაშავდა, 2 პირი დააკავეს.
1986 წელს დაბადებული შ.ბ.-ს და 1966 წელს დაბადებული გ.გ.-ს ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს "თრეველ ჯის" დირექტორი - 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე - 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.