მცხეთის რაიონულმა სასამართლომ - შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ ორ პირს: გოჩა გოგილაშვილსა და შალვა ბოლოთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლომ კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მოხდა, რომლის დროსაც 17 ადამიანი გარდაიცვალა 3 კი მძიმედ დაშავდა.