მთვრალი პოლიციელის მსხვერპლი - საეჭვო გარემოებები დანაშაულის იარაღთან დაკავშირებით 

გამოქვეყნდა:

ძალოვნების სააღდგომო სუფრა ტრაგედიით დასრულდა. შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ნასვამი თანამშრომლის მიერ უმისამართო გასროლას 50 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. თამარ ანთელავა მეზობელი კორპუსის აივნიდან ნასროლმა ტყვიამ მოკლა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში შსს-ს თანამშრომელი მეგობრებთან ერთად, აღდგომას აღნიშნავდა.

შემთხვევა დაახლოებით საღამოს 9 საათისკენ მოხდა. როგორ შევარდა ტყვია ოთახში, არავის დაუნახავს. თამარ ანთელავა ამ დროს ზურგით ფანჯრისკენ იჯდა და მუხლებზე კომპიუტერი ედო. ტყვიამ აივანზე გასასვლელი კარის შუშა ჩაამტვრია და ქალს პირდაპირ თავში მოხვდა. ფაქტს იმავე ოთახში მყოფი მისი მოხუცი დედა შეესწრო. თამარ ანთელავა ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით ქალს მაკაროვის სისტემის იარაღიდან ნასროლი ტყვია მოხვდა.

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. სოსო გაბრიაძის ფეისბუქ გვერდზე დღეს დილით ჯერ კიდევ იძებნებოდა ფოტო, რომელიც აღდგომის აღსანიშნავად მეგობრებმა სუფრასთან სავარაუდოდ საბედისწერო გასროლამდე გადაიღეს.

კორპუსი, საიდანაც მთვრალმა პოლიციელმა ისროლა, ნუცუბიძის ქუჩის 26 ნომერშია, მკვლელობა კი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 26-ს ნომერში მოხდა. შენობები დაახლოებით 600 მეტრით არის ერთმანეთთან დაშორებული. მომხდარის დეტალებია არ იციან გაბრიაძის მეზობლებმა, თუმცა ადასტურებენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა კომენდანტის საათის დაწყებისას გაიგონეს.

მთავარის ინფორმაციით, სოსო გაბრიაძის გვერდით შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი - ილია თითვიძეა. ასევე მეგობრები დავით და გიორგი მსხვილიძეები. სამათალდამცველებმა ისინი სავარაუდოდ უკვე გამოკითხეს. მომხდარის შესახებ არაფარი იციან თვითმხილველების მეზობლებმა. მათ არც პოლიცია შეუნიშნავთ.

სახლში სადაც პოლიციელი მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, გვიანობამდე მუშაობდნენ კრიმინალისტები. უკვე ამოღებულია ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა პროკურატურა არაფერს ამბობს არის თუ არა ეს დანაშაულის იარაღი. პისტოლეტის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მაკაროვის ტყვია გამანადგურებელ ეფექტს 350 მეტრზე ინარჩუნებს.

საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს. უწყების ინფორმაციით ნასვამი გაბრიაძე აივანზე უმისამართოდ ისროდა. სოსო გაბრიაძე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი