ხმაური თბილისის ცენტრში, კლდიაშვილის ქუჩაზე საღამოს 7 საათზე დაიწყო, როდესაც მოქალაქეები საპატრულო პოლიციას დაუპირისპირდნენ. გამვლელებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო. სავარაუდოდ ქუჩაში გამვლელები ნასვამები იყვნენ, პოლიციასთან ინციდენტის დროს მათ მეზობლები გამოესარჩლნენ, თუმცა პატრულის ეკიპაჟმა სხვა ჯგუფებიც გამოიძახა და ინციდენტში მონაწილეები დააკავეს.
ინტენსიური სროლის ხმა აღდგომის ღამეს ვარკეთილში კომენდანტის საათის ძალაში შესვლის შემდეგ გაისმა. ადგილობრივებმა ღამის 12 საათზე სამი გასროლა გაიგონეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. უძღოდა თუ არა რაიმე დაპირისპირება ამ ფაქტებს უცნობია, ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია, ორმხრივი სროლის ხმა არ გაუგონიათ.
სასტიკი მკვლელობა კი 19 აპრილის ღამეს თბილისში კობცოვის ქუჩაზე მოხდა. ისანში 46 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. დაპირისპირებას სავარაუდოდ წინ უსწრებდა მხარეებს შორის კონფლიქტი. შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა.
ჩხოროწყუში კი მეზობელმა 28 წლის ბიჭი დანით დაჭრა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის ქუთაისში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. დაპირისპირება ბრალდებულის სახლთან მოხდა, 32 წლის ახალგაზრდამ მეზობელთან ჩხუბის შემდეგ საკუთარი დაც დაჭრა.
აჭარაში, გონიოში ცნობილი ქართველი მხატვრის, კოკა იგნატოვის სახლ-მუზეუმი გაქურდეს. მძარცველები ბინაში სავარაუდოდ გვიან ღამით, კომენდანტის საათის პერიოდში შევიდნენ და იქიდან საყოფაცხოვრებო ნივთები გაიტანეს. შენობა რკინის გისოსებშია მოქცეული. მის გვერდით კი ბრენდირებული სასტუმროა, რომელიც უსაფრთხოების კამერებითაა აღჭურვილი. თუმცა არც ერთი ეს ფაქტორი მძარცველებისთის დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა.
ბრმა ტყვია ქალაქის ცენტრში, რომელმაც 50 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, სროლების ვარკეთილში, მკვლელობა ისანში, დაჭრა ჩხოროწყიში- 5 კრიმინალური ისტორია 24 საათში - ოპოზიცია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დროს ამდენი შემთხვევა უკვე ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე მიუთითებს და 90-იანი წლების მდგომარეობას ახსენებს.