ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების პერსონალი კორონა ვირუსზე გატესტილი არ არის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი ისე დაიწყო, რომ თანამშრომლების ტესტირება ჯერ არ დაწყებულა. ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორი, ზაზა ზაუტაშვილი ადასტურებს.
"ჯერ ტესტირება არ ჩაგვიტარებია. დღეს უნდა შევხვდეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს და გადავწყვიტოთ, როგორ გაიარონ თანამშრომლებმა ტესტირება", - განაცხადა ზაუტაშვილმა.
ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კი აცხადებენ, რომ გრაფიკს დღეს შეადგენენ და პროცესს ამის მიხედვით წარმართავენ. მერაბ სეფაშვილის თქმით, ბაღის თანამშრომლებს ინიციატივა ტესტირების შესახებ თვითონ უნდა გამოეჩინათ.
ყვარლის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღია, სადაც 1200-ზე მეტი აღსაზრდელი სწავლობს.
პრემიერმინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. კორონა ვირუსისასთვის დაწესებული რეგულაციების თანახმად, ბაგა- ბაღების პესონალი, ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარება.
ავტორი: ია გულიაშვილი.