ჯონი ძინძიბაძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ჯარისკაცს სასიკვდილო ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.
პირველი კლასის რიგითი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამხედროს დედაც, დაც და ძმაც დარწმუნებულები არიან რომ ახალგაზრდას თავი არ მოუკლავს და გამოძიების მუხლის შეცვლას მოითხოვენ.
ჯარისკაცი მშობლიურ სოფელში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ძინძიბაძეს შეყვარებული ჰყავდა და სამომავლოდ ავღანეთშიც გეგმავდა წასვლას.
ვაზიანის სამხედფრო ბაზაზე მომხდარზე საუბარი არ სურთ. სამხედრო პოლიციაში კი დაკითხვები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დამოუკიდებელ ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელმაც ნახა დაჭრილი ჯარისკაცის ფოტო, ამბობს, რომ ახლა აუცილებელია დროულად დადგინდეს ჭრილობის შემავალი და გამავალი ხვრელები, გასროლის მანძილი და სწორედ ამის შემდეგ ექსპერტები მარტივად დაადგენენ ჯარისკაცმა თავი მოიკლა თუ მოკლეს.