მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟს, თარაშ კანდელაკს 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ დროის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება.
გამოძიების ინფორმაციით გარდაცვლილ 19 წლის ერეკლე თედლიაშვილს სხეულზე მძიმე დაზიანებები მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის შვილმა მიაყენა. თედლიაშვილი რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.
გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი ამბობს რომ დამნაშავე სწორედ თარაშ კანდელაკია, რადგან მან თედლიაშვილს უმოწყალოდ სცემა. სასამართლომ კი ისე, რომ საქმის განხილვა ვერ დაასრულა, კანდელაკი პატიმრობიდან გაათავისუფლა. დაღუპულის ოჯახი გადაწყვეტილების გაპროტესტებას გეგმავს.
პროკურატურამ დღეს სასამართლოს პატიმრობის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარე მიიჩნევს რომ გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა კანდელაკი მიიმალოს, ან ძალადობრივი დანაშაული განმეორებით ჩაიდინოს. თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
თედლიაშვილის სიკვდილში ბრალდებულიც არ არსებობს, რადგან კანდელაკს გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3- დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.