შიდა ქართლში 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დააკავეს.
არასრულწლოვანი გოგოს მშობლის ინფორმაციით, 24 წლის კაცს გოგონასთან უხამსი შინაარსის მიმოწერა ჰქონდა. მინაწერების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ არასრულწლოვანი გოგონას დედამ გადასცა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. მისი ადვოკატის მტკიცებით, მიმოწერა, რომელიც საქმეში დევს, სასიყვარულო შინაარსისაა. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
"მიმოწერა, რომელიც საქმეშია, სუფთა სათუთი მიმოწერაა ორ ადამიანს შორის. შესაძლებელია ადამიანი სკოლის მერხიდან გიყვარდეს, 0 კლასიდან, როცა ჯერ ბავშვები ხართ. ბრალს არ აღიარებს და იმედი მაქვს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება საქმის არსებითად განხილვის დროს",-ამბობს თამარ თედლიაშვილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.
დანაშაული სასჯელის ზომად, 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.