პატრულის ყოფილ უფროსი დაკავებულია - დავით ცინარიძის ოჯახური კონფლიქტის დეტალები 

გამოქვეყნდა:

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დაპატიმრებულია. სკანდალურად ცნობილ დავით ცინარიძეს გამოძიება საკუთარი მეუღლის მიმართ მუქარას ედავება.

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და „ნარუშილოვკების“ სკანდალის მთავარი ფიგურანტი დღეს დილას, გამთენიის 3:00 საათზე, მისივე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაკავების ფაქტი შსს-მ მხოლოდ დღის ბოლოს დაადასტურა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საპატრულოს ყოფილმა უფროსმა მისივე მეუღლეს მანანა ბოლოთაშვილს, რომელიც ასევე ყოფილი პოლიციელია, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამართალდამცველებმა კი, სავარაუდოდ სასჯელის შესამსუბუქებლად, მუხლის კვალიფიკაცია მუქარის მიმართულებით შეცვალეს.

მომხდარზე საუბარი ცინარიძის ოჯახში არ სურთ. ფაქტის შესახებ არაფერს ამბობს ექვსი წლის წინანდელი სკანდალის მთავარი მონაწილე და პოლიციელის მეგობარი ეკა ყუშიტაშვილი.

ამ დროისთვის საპატრულოს ყოფილი უფროსი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, მის სახლთან კი დილიდან სავარაუდოდ ოპერატიული მანქანა დგას.

დავით ცინარიძის პროფესიული დაღმასვლა ეკა ყუშიტაშვილის სკანდალური ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო. ყუშიტაშვილი ცინარიძის სახელითა და გავლენით აბულინგებდა და შეურაცხყოფას აყენებდა პატრულის რიგით თანამშრომლებს.

ამ ეტაპზე უცნობია, აიყვანა თუ არა საპატრულოს პოლიციის ყოფილმა უფროსმა ადვოკატი. დავით ცინარიძეს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი