სავარაუდო ტრეფიკინგის მსხვერპლი - არასრულწლოვნის ოჯახის მოთხოვნა

გამოქვეყნდა:

ბურუსით მოცული საქმე და ბრალდებული, რომელიც მძიმე მუხლით დაწყებული გამოძიების მიუხედავად თავისუფალია.

19 წლის გოგო სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს, არა და საქმე არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ან შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს.

13 წლის გოგონას ოჯახი ითხოვს, რომ გამოძიება არა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, არამედ ტრეფიკინგის მუხლით დაიწყოს და დადგეს იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც მისი შვილის გაუჩინარების შემდეგ მოკვლევას გულგრილად მიუდგნენ და ბავშვი მშობლების გარეშე გამოკითხეს.

ოჯახის მტკიცებით, 19 წლის გოგოს მათი არასრულწლოვანი შვილი მოტყუებით თბილისიდან ბათუმში მიჰყავდა, შემდეგ კი თურქეთში გადაყვანას გეგმავდა. გოგონას დედა ამბობს, რომ მოზარდისთვის ყალბი პასპორტის დამზადებასაც გეგმავდნენ.

არასრულწლოვანი იხსენებს, რომ სავარაუდო გამტაცებელი მარტო არ მოქმედებდა და მას რამდენიმე თანამზრახველი ჰყავდა.

არასრულწლოვნის დედა იმ მიმოწერას ასაჯაროებს, რომელიც მისი შვილის სავარაუდო გამტაცებელთან აქვს. ჩანაწერში 19 წლის გოგო ბავშვის დედას ეუბნება, რომ ის პოლიციასთან შეთანხმებით მოქმედებს და ხელშეუხებელია. სწორედ ეს უმტკიცებს მოზარდის დედას ეჭვს, რომ მისი შვილის სავარაუდო გამტაცებელს პოლიცია მფარველობს.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, დაიწყო თუ არა გენერალურმა ინსპექციამ სამართალდამცველის გადაცდომაზე მოკვლევა, ამ დრომდე ინფორმაცია არ გვაქვს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი