8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს, მშობლები საკუთარი შვილების, გოგონების დასაცავად გაერთიანდნენ. საპროტესტო აქციები ლოზუნგით გამოდი ჩვენი გოგონების გამო - საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში გაიმართა. ათასობით ადამიანმა დღეს ხელისუფლებისგან მოითხოვა სისტემური ცვლილებები იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ქალთა და განსაკუთრებით გოგონების უფლებები და უსაფრთხოება ბოლომდე იყოს დაცული.
მშობლებისა და მოქალაქეების პროტესტი საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე გახშირებულმა სექსუალური ძალადობის ფაქტებმა გამოიწვია. ბოლო ასეთი შემთხვევა ქობულეთში, 14 წლის გოგონას გაუპატიურება იყო. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას არსებული პრობლემის დასაძლევად, სისტემური და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, ამავე დროს საქმესთან დაკავშირებული ჩინოვნიკების დასჯა მოსთხოვეს.