წმინდა სინოდი, შესაძლოა, კიდევ ერთ მღვდელმთავარს დაატოვებინონ. საპატრიარქოს მთავარი თემა ახლა მიტროპოლიტი იობის საკითხია, რასაც სასულიერო პირების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სწორედ რუის-ურბნისის ეპარქიის მმართველი მეუფე იობი იყო, ვინც ყინწვისის მონასტრის სკანდალს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მონასტერში არაფერი მომხდარა. ზნეობრივი კომისიის შემადგენლობა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეიკრიბება და მეუფე იობის საკითხს შეისწავლის. სინოდის წევრები პირად საუბრებში უკვე ამბობენ, რომ მეუფე იობის მიმართ კრიტიკული განწყობა არსებობს.
ეს მოქმედება კრიმინალური თვალსაზრისით აუცილებლად სასამართლომ და პოლიციამ უნდა განიხილოს. რაც შემიძლია ვთქვა, რომ, როცა საქმე სასულიერო პირს ეხება, სიფრთხილეა საჭირო, რადგან მასთან ბევრ ადამიანს აქვს შეხება, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირს ეხება. თქვენ გაინტერესებთ მეუფე იობის საქციელის შეფასება - ამას შევისწავლით. იმის მიხედვით, რა გვექნება ხელთ, ადეკვატურად მოვიქცევით, ჩემს კომპეტენციაში ამ საკითხის დასმა არ შედის.
არის ზნეობრივი კომისია და საკითხს განიხილავს. თუ არ ვცდები, მეუფე იობიც კომისიის წევრია. ჯერ ალბათ, იმ ეპარქიაში უნდა მოხდეს განხილვა და მერე უკვე სინოდში, - ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
თეოლოგების თქმით, მეუფე იობს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პირველ ეტაპზე მეუფემ სინოდისგან მხოლოდ გაფრთხილება მიიღოს. თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის აზრით, მეუფე იობს მორალურთან ერთად, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ეკუთვნის.
მეუფე იობმა არც დამნაშავე მღვდლის მიმართ გამოიჩინა რაიმე ყურადღება, რომ ზომები მიეღო და არც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს. გახსოვთ, ალბათ, როგორ ცდილობდა მიეჩქმალა აღნიშნული ფაქტი. განაცხადა, რომ აბსოლუტურად არანაირ ინციდენტსა და ექსცესს არ ჰქონია ადგილი, რაც შემდეგ გაქარწყლდა ფაქტებით. ვფიქრობ, მას როგორც მორალური და ზნეობრივი, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკუთვნის, - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
20 აპრილს სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მანამ მალავდა, ვიდრე დეტალები "მთავარმა არხმა" არ გაასაჯაროვა. ეპარქიის წინამძღვრის, მეუფე იობის შვილობილმა მამა დავითმა ყინწვისის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ საბა ჟღენტის ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა. ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის საქმეს გორის რაიონული სასამართლო დღეს განიხილავს, მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.