
"ტერმინების არევასთან გვაქვს საქმე თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ჰომოფობიური განცხადებები არ ყოფილა", - ასე მიმართა "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელმა დათო ჭიპაშვილმა, ნათია თურნავას, მას შემდეგ რაც მინისტრმა თქვა, რომ ნამოხვანჰესის ინვესტორი კომპანიის მიმართ ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები ისმის.
"ერთი საკითხია, რაც ყურში მომხვდა, თურმე ეს ხალხი დაყოფილი ყოფილა ჰომოფობებად, ქსენოფობებად, არაჰესებად და კიდევ რაღაცებად. ტერმინების არევასთან გვაქვს საქმე თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ ჰომოფობიური განცხადებები არავის არსად, მით უმეტეს, ამ პროექტთან დაკავშირებთ არ გაუკეთებია. რა შუაშია საერთოდ ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები, როდესაც ენერგოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა დათო ჭიპაშვილმა.
პარლამენტში, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობილი სხდომა, მინისტრებმა ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინეს. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამოხვანჰესის კრიტიკოსები იყოფიან სამ კატეგორიად: ისინი, ვინც ყველანაირი ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან, ანუ, "არა ჰესებს" კატეგორია, ისინი, ვინც გამოირჩევიან ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოხტომებით ინვესტორის მიმართ და ისინი, ვინც ზოგადად, პროექტს აკრიტიკებენ.