
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ერთერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ არა სამართლიანი გადაწყვეტილების, არამედ მონობის გზა აირჩია. მან მოსამართლეს, რომელმაც განაჩენი გამოაცხადა, "მონა" უწოდა.
"სასამართლომ აირჩია მონობის გზა, პირდაპირ ვეტყვი მოსამართლე სტურუას, რომ ის არის მონა. ჩვენ ერთადერთი, გვაქვს ევროპული სასამართლოს იმედი და გვჯერა, რომ დადგინდება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.
აქ არის სასჯელზე ლაპარაკი, საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება არათუ იმისა, რომ დანაშაული ბრალდებულებმა ჩაიდინეს, არამედ იმისაც კი, რომ მათი მხრიდან გიორგი შაქარაშვილზე ძალადობას ჰქონდა ადგილი", - თქვა "დღის სტუმარში" ვასილ მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ორი არასრულწლოვანის განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მოგვიანებით კი გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და არსებულ მუხლებს ყველაზე მძიმე, 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 12 პირი დააკავეს, ხოლო 109-ე მუხლით - 5.