ტვ პირველის მიერ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ჩანაწერები "უსინდისოდ იყო დამონტაჟებული" და რომ გამოსაძიებელია, ვინ უსმენდა არასრულწლოვანი ბერას საუბრებს.
"მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებდი აუცილებლად იმას, თუ ვინ ჩაიწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით ჩაიწერა, შემდეგ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი რომელიღაც ერთპარტიულ ტელევიზიაში, ვინ დაამონტაჟა ასე უსინდისოდ და საერთოდ, რა მიზანს ისახავდა მისი გამოქვეყნება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა ტვ "პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრის დროს.
საქართველოს პროკურატურამ TV პირველის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.