ქუთაისში, სუპერმარკეტის გაქურდვის მცდელობისთვის ოთხი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 

ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის გაქურდვას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სამი პირი აღნიშნული სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მეოთხე ბრალდებული კი, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

"დაკავებული არიან: 2002 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ხ., 1999 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ს., 2001 წელს დაბადებული ნ.მ. და 1996 წელს დაბადებული თ.კ." - წერია უწყების განცხადებაში.

ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი