მარი შარაშიძეს გენერალური პროკურატურა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მოწმესთან დაკავშირებით, შოთაძის უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შარაშიძეს ბაჩალიაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია:
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით და ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ბრალდებულ მ.შ.-ს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე" ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შარაშიძემ 2021 წლის 2 იანვარს, თავისივე ფეისბუქს სახელი შეუცვალა და დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili”, რის შემდეგაც მიმოწერა დაიწყო უკვე საკუთარ facebook პროფილთან, რომელიც „მარი შარაშიძის“ სახელით იყო რეგისტრირებული, ამის შემდეგ კი ე.წ. სქრინები დაამზადა:
მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ facebook პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა „meleq elcin uslu“-ს სახელით შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო. აღნიშნულის შემდგომ მიმოწერა განახორციელა საკუთარ facebook პროფილთან, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში „მარი შარაშიძის“ სახელით, რის შედეგადაც დაამზადა facebook-ის messenger-ით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო ვითომდა ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
პროკურატურის ცნობით, გაფრთხილების მიუხედავად მან გამოძიებასა და სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს მას facebook-ის messenger-ით ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან:
მ.შ.-ს წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 369-ე პრიმა მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით - აცხადებენ პროკურატურაში.