4 000 ლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შუახევის მერიის თანამშრომელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა შუახევის მერიის მთავარი სპეციალისტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ინვესტორს 4 000 ლარის სანაცვლოდ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში და უჩამბის თემში მდებარე ორი ობიექტის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონზე გატანას და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას დაპირდა. დაპირებისამებრ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში არსებული ობიექტი მისი უშუალო ჩართულობით გატანილ იქნა აუქციონზე, რომელშიც გაიმარჯვა ზემოაღნიშნულმა ინვესტორმა. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მერიის თანამშრომელს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი